დღეს, ჩემი ოჯახი ყარაჯალაში ცხოვრობს. ფარიხანუმიც სწორედ ამ სოფელში დაიბადა,1884 წელს. სოფიევების ოჯახი მრავალშვილიანი ყოფილა. ფარიხანუმს მშობლები მალე გარდაეცვალა, ამიტომ ოჯახის პასუხისმგებლობა და ობოლი და-ძმების მოვლა მას დაეკისრა. ბაბუა გვიყვებოდა , რომ ის არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ სოფლის ამბებსაც აგვარებდა. ძირითადად, კაცების წრეში დადიოდა, ჩიბუხს ეწეოდა და კრაილოსანს ატარებდა. მიუხედავად მაშინ არსებული სტერეოტიპებისა, ფარიხანუმს განსაკუთრებულ ანგარიშს უწევდნენ. მეტიც, ყველას მისი იმედი ჰქონდა და მისი სიტყვა გადამწყვეტი ყოფილა. სოფლის უხუცესებს ის დღესაც ახსოვთ. კაცები მასზე დიდი მოწიწებით საუბრობენ, ქალებს კი ეამაყებათ მისი გამბედაობა. 97 წლის ფარიდა ხალილოვაც ერთ-ერთი მათგანია.ამას წინათ, მე და ჩემი ძმა მასთან მივედით რომ ჩვენი დიდი ბებიის ამბავი მოგვესმინა. სოფლის უხუცესი გვიყვებოდა თუ როგორი სისასტიკით მოექცა ფარიხანუმის ოჯახს საბჭოთა კავშირი. ხუთი ძმა საბჭოთა რეჟიმს ემსხვერპლა და ფარიხანუმს მუდმავად უწევდა ბრძოლა ახლობლების გადასარჩენად. მის ერთადერთ გადარჩენილ ძმას მოსკოვმა სიკვდილი მიუსაჯა. ფარიხანუმმა მოსკოვთან მოლაპარაკებები აწარმოა და ამით ძმას სიცოცხლე გაუხანგრძლივა. უხუცესმა გვითხრა, რომ ობლად დარჩენილ ძმისშვილებზე ზრუნვაც მას დაევალა. ამ ამბავის შემდეგ, სოფელს მეტი ნდობა გაუჩნდა მის მიმართ. გვიყვებიან, რომ ის სიტყვით ხშირად გამოდიოდა, ხალხს მოუწოდებდა განვითარებისა და ინტეგრაციისკენ. მუდამ დაკავებული იყო საქმით, ამიტომაც საკუთარი ოჯახი არასდროს შეუქმნია.